
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს, ქართული პოლიცია ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას დადასტურდა. მან ამის შესახებ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ პოლიციელებს მიუძღვნით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით.
„დღეს აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს – დღეს, რომელიც თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმს, პატრიოტიზმს და თავდადებას ეძღვნება. გილოცავთ ამ დღეს და მადლობას გიხდით იმ უდიდესი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. თქვენ პირველები დგახართ კანონის სადარაჯოზე, იცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, ებრძვით დანაშაულს და ზრუნავთ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებაზე. ეს სამსახური, პროფესიონალიზმთან ერთად, მოითხოვს განსაკუთრებულ სიმამაცეს, ერთგულებასა და მუდმივ მზადყოფნას, რისკზე წახვიდეთ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. თქვენი საქმიანობა ხშირად უხილავია ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ მისი შედეგები - მშვიდი გარემო, დაცული მოქალაქეები, სამართლიანობის განცდა - თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობაში იგრძნობა. სწორედ თქვენ მიგიძღვით ყველაზე დიდი დამსახურება იმაში, რომ დღეს საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიო მასშტაბით. ამ დღეს, განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ იმ პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაიღუპნენ. მათი სახელები და საქმეები სამაგალითოდ დარჩება მომავალი თაობებისთვის. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, პოლიციის ტრანსფორმაცია, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად იქცა.
“პროფესიონალიზმი, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის დაცვა და მოქალაქეებისადმი პატივისცემა თქვენი წარმატების საფუძველია. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ დღეს ქართველი პოლიციელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნდობისა და უსაფრთხოების სიმბოლოა. დღეს, ქართული პოლიცია, არსებითად, ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა. გასული 4 წლის განმავლობაში, ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია. ამ მოვლენებისას გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამის დანაყოფს - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ პოლიციელს, რომელიც ურთულეს დღეებში მაღალი სტანდარტით ზრუნავდა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე.
ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ადამიანს, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა და რომელსაც პოლიციის რეფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. მადლობას ვუხდი ვახტანგ გომელაურს პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის, რომლითაც ის ჩვენს ქვეყანას მრავალი წლის მანძილზე ემსახურა. დარწმუნებული ვარ, ახალი მინისტრი, ბატონი გელა გელაძე ვახტანგ გომელაურის მიერ დაწყებულ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით განაგრძობს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მთავრობა მუდმივად ზრუნავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაძლიერებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეული პოლიციელი თავს დაცულად, მოტივირებულად და კიდევ უფრო მეტად დაფასებულად იგრძნობს. ჩვენ ერთად ავაშენებთ კიდევ უფრო უსაფრთხო და სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა კეთილდღეობა უპირველესი ღირებულება იქნება. ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვამაყობთ თქვენით, ვამაყობთ ქართული პოლიციით, ვამაყობთ თითოეული გმირი პოლიციელებით. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შეინარჩუნებთ უმაღლეს სტანდარტებს და კვლავ იქნებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის საიმედო საყრდენი. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს! გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს ამ რთულ, მაგრამ ძალიან საპატიო საქმიანობაში!“, - აღნიშნა კობახიძემ.