ასეთი გამონათქვამია, რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ევროკავშირი რასაც აკეთებდა და როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით უკან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი ევროკომისრისა და კიდევ რამდენიმე პირისთვის დაწესებულ სავიზო შეზღუდვაზე, ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით კაია კალასის განცხადებაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირს არასწორი პრაქტიკა ახლა უკან მიუბრუნდა.
„რა თქმა უნდა, ეს იყო არასწორი პრაქტიკა, თუმცა ეს არასწორი პრაქტიკა ახლა ევროკავშირს უკან მიუბრუნდა, რაც ძალიან საინტერესოა ჩვენთვის. ევროკავშირის წარმომადგენლების აღშფოთებულ განცხადებებს როცა ვისმენთ ამასთან დაკავშირებით, ესეც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისა და კიდევ ოთხი ევროპელისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა: „აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა“.