
საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, მათ შორის, ევროპელი ელჩებისგან ვხედავთ წამახალისებელ ნაბიჯებს - ჩვენ ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კობახიძემ მოუწოდა ყველას, მათ შორის, ევროპელ ელჩებს, „თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის და ზიზღის წახალისებისგან“.
მისი თქმით, ქართული საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და სიძულვილის დასრულება.
„თქვენ ხედავთ, რომ საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის, ზიზღის კამპანია. ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. ასეთივე კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში, იგივე უნგრეთიც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი. აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილის და ზიზღის კამპანიები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს. ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს. რა თქმა უნდა, ზიზღი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად, თავსმოხვეულ კამპანიებს. ზიზღის და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, რომ მკვეთრად დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს.
სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამახალისებელ ნაბიჯებს, რაც ძალიან ცუდია. ელჩებიც ძალიან ხშირად არიან ხოლმე ჩართული ამ ყველაფერში. ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და სჭირდება ის, რომ ეს სიძულვილი რამენაირად დასრულდეს. მოვუწოდებ, რა თქმა უნდა, ყველას, მათ შორის, ევროპელ ელჩებს, თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის და ზიზღის წახალისებისგან. ეს არის ის, რაც ნამდვილად არ სჭირდება ქართულ საზოგადოებას,“ - განაცხადა კობახიძემ.