janmedi
ავერსი ნემო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღინიშნება, რომ უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშირებით ცალკეული პირებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული განცხადებები არ ასახავს ძეგლზე არსებულ რეალურ მდგომარეობას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„განხორციელებული გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სპეციალისტების მიერ ვიზიტორთათვის უშუალო საფრთხის შემცველი გარემოებები გამოვლენილი არ არის.

ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უფლისციხე რთული ბუნებრივი გარემოს პირობებში არსებული უნიკალური კლდეში ნაკვეთი ძეგლია, რომლის დაცვა მუდმივ კვლევას, დაკვირვებასა და შესაბამის ჩარევებს საჭიროებს. სწორედ ამ მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობს ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და მონიტორინგი. 2019 წლიდან დაიწყო ადგილობრივი ქვიშაქვისა და მასზე კლიმატური პირობების ზემოქმედების კვლევაც. სპეციალისტთა ჩართულობით განხორციელდა სამხრეთ-დასავლეთით არსებული კლდოვანი მასივის სკანირება, დაზიანებული უბნების გამოვლენა, გამაგრება და ანკერირება. არსებული ბუნებრივი გამოწვევების პარალელურად, ძეგლის მუდმივი შეფასება და შესაბამისი პრევენციული და საკონსერვაციო ღონისძიებების გატარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების ობიექტური შეფასება უნდა ეფუძნებოდეს სპეციალისტების დასკვნებსა და ფაქტებს და არა დაუსაბუთებელ განცხადებებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

24