
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილე გახდა.
ტურავა 2015 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი იყო 2020 წელს კი, თავმჯდომარედ აირჩიეს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ 17 აპრილს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგაც ემსახურება.
ამ ეტაპზე სალიას 4 მოადგილე ჰყავს: ლაშა მაღრაძე, ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე და მერაბ ტურავა.
შეგახსენებთ, მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უფლებამოსილება 30 მარტს ამოეწურა. ის პარლამენტის მიერ იყო დანიშნული. ოცნების პარლამენტს ტურავას შემცვლელის ასარჩევად ხმათა საკმარისი რაოდენობა არ აქვს.
სწორედ ამიტომ, უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩია, რომელმაც მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი შეცვალა. ხვიჩა კიკილაშვილს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე კიდევ 5 წელი ჰქონდა დარჩენილი, თუმცა, ოფიციალური ვერსიით, მან სასამართლო საკუთარი ნებით დატოვა.