
აზერბაიჯანში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ეს თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტია აზერბაიჯანაში. ჩვენ ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ბაქოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ალიევის თქმით, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბარი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე.
„დღეს ჩვენ თუ ვისაუბრებთ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე, ეს წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. აზერბაიჯანი საქართველოს გავლით 12 ქვეყანაში აწვდის თავის ნავთობსა და გაზს. ეს ხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით. სატრანსპორტო კომუნიკაციების სფეროებში გვაქვს პორტების, გზების ინფრასტრუქტურული პროექტები. შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია ეს ჩვენი პროექტები. დღეს სამხრეთ კავკასიაში თუ ვისაუბრებთ შუა დერეფანზე, ეს აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი კორიდორია და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ტვირთების ოდენობა იზრდება“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.