jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერს, ალან გაგლოევს შეხვდა.
როგორც ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მიმდინარე ვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.
„მე არ დავახასიათებ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებს, აქ კომენტარი ზედმეტია. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობები ყველა მიმართულებით ვითარდება. მაგალითად, ტვირთბრუნვა გასულ წელს 12 პროცენტით გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებელია. ვითარდება საინვესტიციო პროგრამა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, ფინანსური და საკრედიტო პროგრამა. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებისთვის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულია სამხედრო ბაზა. შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა დამყარებული“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ალან გაგლოევმა ვლადიმერ პუტინს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიიწვია.
„ჩვენ გვახსოვს, რომ ყველაზე რთულ დროს რუსეთის ფედერაცია ყოველთვის გვერდში გვედგა. მხარს გვიჭერს და ამ დრომდე შეუფასებელ დახმარებას გვიწევს. გვახსოვს 2008 წლის აგვისტო, როცა სამხრეთ ოსეთის ხალხი სრული განადგურების საფრთხის წინაშე დადგა, მაგრამ დროული და სწორი გადაწყვეტილების შემდეგ აგრესორი გაჩერდა. ჩვენ მხოლოდ მადლობის სიტყვებს არ ვამბობთ და ვალს საქმით ვიხდით, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ოსი მებრძოლები რუს ძმებთან ერთად ჩვენს საერთო ისტორიას, ღირებულებებსა და რწმენას იცავენ. უნდა აღვნიშნო, რომ იქ ყველა გამარჯვებაში დარწმუნებული მიდის. ბევრი მათგანი რუსეთის სახელმწიფო ჯილდოებითაც არის დაჯილდოებული. წელს ჩვენ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავს აღვნიშნავთ. ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, მოგიწვიოთ სამხრეთ ოსეთში ყველაზე საპატიო სტუმრად“, – აღნიშნა ალან გაგლოევმა.
278