global distribution
ავერსი გარე ავეჯი

ევროპის სახელით გველაპარაკებიან პოსტსაბჭოთა ადამიანები - გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიაჩიენე და ასტრახანში დაბადებული და გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც ახლა გერმანელ დეპუტატად წარმოგვიდგენენ - რა არის ეს თუ არა ის მომენტი, როცა ადამიანი შეიძლება საბჭოთა კავშირიდან გამოიყვანო, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა.

პაპუაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მანამ, სანამ არ იქნება მზაობა დიალოგისთვის, მტრული გარემოს პირობებში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევრონესტის შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ეს ადამიანები საქართველოს ზუსტად ისეთივე საბჭოთა სტილით უყურებენ. ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი მათი მოსათვინიერებელია. ჩვენ გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიაჩიანესა და ასტრახანში დაბადებული და გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ გვესწავლება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა“. რეზოლუციის თანახმად, დემოკრატიის უკუსვლა გამოიხატება, მათ შორის, 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებით, მთავრობის მიერ 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ განცხადებით და შემდგომი ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ყველა შესაძლო დისიდენტის ხმის ჩახშობას, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების, ასევე უმცირესობებზე, კერძოდ, ლგბტ+ თემზე თავდასხმა და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობა არ მიიღო.

71