პარლამენტი დაჩქარებული წესით „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა და ის პარლამენტის შესაბამისს კომიტეტს მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გააცნო.
ცვლილებებით მასწავლებლობის მაძიებლის, შემცვლელი სპეციალური მასწავლებლის, პროგრამის მასწავლებლისა და პროგრამის სპეციალური მასწავლებლის ცნებები განისაზღვრება.
კანონპროექტის თანახმად, მასწავლებლობის მაძიებლად შესაძლებელი იქნება იმ პირის დასაქმებაც, რომელსაც აქვს სულ მცირე, ბაკალავრის ხარისხი, ასევე პროფესიული განათლება ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
ამასთან, გაიზრდება პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის განათლების სისტემიდან გასვლის შედეგად გამოწვეული დეფიციტის დროებით შევსების შესაძლებლობა. ასევე, შესაძლებელი იქნება სკოლაში დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის შეცვლა. სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც.
ინიციატივას პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.