jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს, უკრაინის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის შესახებ მასთან განცხადება შევიდა, რომელზეც ხელის მოწერასაც აპირებს. ამის შესახემ რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
 
"მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონა, ვერ აიცილა თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა ის ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე, დემოკრატიული ერებისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი, ევროპის გულში გაჩაღდა დიალოგის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს მთავრობას და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებსა და მოქალაქეებს, რომლებიც დღეს თავიანთი ქვეყნის სუვერენობის დაცვას შეეწირნენ. მინდა შევუერთდე გაეროს გენერალური გენმდივნის და ყველა სხვა ლიდერის მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობასა და პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობასა თუ ოპოზიციას და მთავრობას - დღეს, როგორც არასდროს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება, ძალა ერთობაშია. საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების გაფართოებული საბჭოს სხდომა, ყველამ ერთად გამოვხატოთ, რომ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს. ახლა მაცნობეს, რომ ჩემთან შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო, ყველა იმ ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა, რამეთუ უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხიცაა და საჭიროა, საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ჩვენ ვიქნებით და ვართ მშვიდობიანი მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე და ეს არის, უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება,"-განაცხადა პრეზიდენტმა. 
 
 
697