
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოსთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
"არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? და თუ - არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს", - განაცხადა რუბიომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, სადაც საქართველოზე კითხვა Megobari Act-ის თანაავტორმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.
უილსონმა ისაუბრა "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების გაყალბებაზე, საქართველოში მიმდინარე აქციებზე და ჩინეთის ინტერესებზე საქართველოში და დაინტერესდა რა ზომების გატარებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი იმისთვის, რომ ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას".
ჯო უილსონი: მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის ძლიერი პოზიციისა, ანტი-ამერიკული "ქართული ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ. მათ 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები გააყალბეს, ამერიკასთან ასოცირება დანაშაულად შერაცხეს; ამერიკული კომპანიები ქვეყნიდან გააძევეს და ამით შუა დერეფნის სავაჭრო გზა ჩაგვიკეტეს. ამასთან, საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს და თან ისინი პერიოდულად შეურაცხყოფას აყენებენ ამერიკის მთავრობას და პრეზიდენტ ტრამპს.
ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა რონდელის ფონდის მიერ მომზადებული ანგარიშიც, რომელიც საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლის არსებობაზე მიუთითებს და მინდა, ეს ანგარიშიც გაგიზიაროთ.
ამასთან, თითქმის 200 დღეა ქართველები ქუჩებში უწყვეტად აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს და მხარდაჭერის ნიშნად, ამერიკის დროშებს და პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებს ატარებენ.
ახლა კი მინდა გკითხოთ, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში, რა იქნება გაკეთებული იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართველი ხალხის სახელით, რეალურად აგებინოს პასუხი ანტი-ამერიკულად განწყობილ "ქართულ ოცნებას"?
მარკო რუბიო: აშშ-ის მიზანია, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება. შევხედავთ და ვნახავთ არის ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებში. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს - არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? და თუ - არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ შესაძლო და დამატებით ვარიანტებს.
დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით, ვერ ვისაუბრებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. კიდევ ერთხელ ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ ინსტრუქცია იმის შესახებ, ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება.