janmedi
ავერსი ნემო

საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, გადაწყვეტილების საფუძველი სუროგაციასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი რისკებია, მათ შორის ტრეფიკინგი, ქალების შესაძლო ექსპლუატაცია და ბავშვთა უფლებების დაცვა.

სუროგაციის შესაძლო აკრძალვის საკითხის გააქტიურების ფონზე, "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ღირს ქვეყანაში სუროგაციის პროგრამაში ჩართვა, რა მომსახურებებს მოიცავს შეთავაზებები, რა განსხვავებაა პროგრამებს შორის და რამდენს იღებს სუროგატი დედა.

საქართველოში რეპროდუქციული მომსახურების პროვაიდერების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული ფასების მიხედვით, სუროგაციის პროგრამების ღირებულება, საშუალოდ, 55 000-დან 65 000 აშშ დოლარამდე მერყეობს, ხოლო გარანტირებული პროგრამების ღირებულება შესაძლოა 73 000 აშშ დოლარს ან მეტსაც აღწევდეს.

საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, გამოიყენება მშობლების საკუთარი კვერცხუჯრედები, დონორის კვერცხუჯრედები თუ უკვე გაყინული ემბრიონები, ასევე თანხაზე გავლენას ახდენს პროგრამის პირობები და სხვა დამატებითი სამედიცინო საჭიროებაც.

რა ღირს სუროგაცია და როგორ განსხვავდება პროგრამები?
საჯაროდ გამოქვეყნებული შეთავაზებების მიხედვით, სუროგაციის პროგრამები რამდენიმე ტიპისაა და მათ შორის ფასში მნიშვნელოვანი სხვაობაა. კერძოდ:

სუროგაცია გაყინული ემბრიონებით – ამ პაკეტის ფასი დაახლოებით 56 000 აშშ დოლარიდან იწყება. პროგრამა განკუთვნილია წყვილებისთვის, რომლებსაც ემბრიონები უკვე შექმნილი და გაყინული აქვთ და სუროგატ დედასთან გადატანას გეგმავენ.
სუროგაცია საკუთარი კვერცხუჯრედებით – ამ პროგრამის საფასური დაახლოებით 59 000 აშშ დოლარიდან იწყება. აღნიშნულ შემთხვევაში ემბრიონის შესაქმნელად გამოიყენება მომავალი დედის კვერცხუჯრედი და პარტნიორის სპერმა, რის შემდეგაც ემბრიონი სუროგატ დედასთან გადატანა ხდება..
სუროგაცია დონორის კვერცხუჯრედებით – ამ პროგრამით სარგებლობის საფასური 65 000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. აღნიშნულ შემთხვევაში ემბრიონის შესაქმნელად გამოიყენება დონორის კვერცხუჯრედი, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება.
გარანტირებული პროგრამა – ქართული ბაზრის პირობებში ეს ყველაზე მაღალბიუჯეტური შეთავაზებაა და მისი ფასი დაახლოებით 73 000 აშშ დოლარიდან იწყება. ასეთი შეთავაზებები, როგორც წესი, რამდენიმე IVF ციკლსა და ემბრიონის გადატანას ითვალისწინებს, პროგრამის პირობების შესაბამისად, ბავშვის დაბადებამდე.

რა შედის სუროგაციის პროგრამის ღირებულებაში?
როგორც უკვე აღინიშნა,სრული პროგრამა მხოლოდ სუროგატი დედის ანაზღაურებას არ მოიცავს და პროგრამის თანხა რამდენიმე ძირითადი მომსახურების დაფინანსებას ხმარდება, კერძოდ:

IVF-ის (ინ ვიტრო განაყოფიერების) პროცედურა და ემბრიონის შექმნა;
ემბრიონის გაყინვა და შენახვა, თუ ეს პროგრამით გათვალისწინებულია;
სუროგატი დედის შერჩევა და სამედიცინო გამოკვლევები;
ემბრიონის გადატანა;
ორსულობის მონიტორინგი, მედიკამენტები და ექიმების მომსახურება;
სუროგატ დედასთან ხელშეკრულების გაფორმება და ნოტარიული მომსახურება;
მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები;
ბავშვის დაბადების დოკუმენტაციის მომზადება და სხვა ორგანიზაციული საკითხები.
ზოგიერთ შეთავაზებაში ასევე შედის პირადი კოორდინატორი, საცხოვრებელი, აეროპორტიდან ტრანსფერი და უცხოელი პაციენტებისთვის დამატებითი მომსახურებები. თუმცა ყველა პროგრამაში მომსახურებების ჩამონათვალი იდენტური არ არის.

საგულისხმოა, რომ შეთავაზებული ფასი შესაძლოა არ მოიცავდეს დამატებით ემბრიონის გადატანას, საკეისრო კვეთას, ტყუპების ორსულობას, ახალშობილის ინტენსიურ მოვლას, გენეტიკურ ტესტირებას, ხანგრძლივ შენახვასა და სხვა გაუთვალისწინებელ სამედიცინო ხარჯებს. ამიტომ, პროგრამის ღირებულების შედარებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საწყისი თანხა, არამედ ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებების მოცულობაც.

რამდენს იღებს სუროგატი დედა?
სუროგაციის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სუროგატი დედის ანაზღაურებაა.

საჯაროდ გამოქვეყნებული შეთავაზებების მიხედვით, საქართველოში სუროგატი დედისთვის განსაზღვრული ანაზღაურება დაახლოებით 23 000-დან 28 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

თანხა შესაძლოა ეტაპობრივად გაიცეს, ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე, ყოველთვიური გადასახადებისა და ბავშვის დაბადების შემდეგ დარჩენილი ანაზღაურების სახით. ამასთან, პროგრამის პირობების მიხედვით, შესაძლოა დამატებით დაფინანსდეს საცხოვრებელი, მგზავრობა, სამედიცინო გამოკვლევები, მედიკამენტები და ტანსაცმელი.

ერთ-ერთი საჯარო ფასების ჩამონათვალის მიხედვით, სუროგატი დედისთვის გათვალისწინებულია 25 500 აშშ დოლარი მშობიარობის შემდეგ, ასევე ორსულობის განმავლობაში 500 აშშ დოლარი ყოველთვიური ანაზღაურება. ამავე შეთავაზებაში ორსულობის სამედიცინო მომსახურება და სხვა ხარჯები ცალკეა გაწერილი.

შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ ეს თანხები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რეპროდუქციული მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოქვეყნებული ფასების მაგალითებია და არა საქართველოს ბაზარზე არსებული ერთიანი ტარიფი.

წყარო: BPN

95