janmedi
ავერსი ნემო

სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული ექთნების საშუალო ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება სტაციონარულ დაწესებულებებში 5.78 ლარს, ამბულატორიულ დაწესებულებებში კი 4.72 ლარს შეადგენს. 

აღნიშნულის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის ქეთევან ბაკარაძის სადეპუტატო კითხვის პასუხად მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.

უწყების განმარტებით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის ექთნის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 4.4 ლარით არის განსაზღვრული.  

როგორც სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ვალდებულება ვრცელდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებულ კლინიკებზე, გარდა გეგმური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლებისა.

ამასთან, სამინისტრის მიერ სადეპუტატო კითხვის პასუხად მომზადებულ ინფორმაციაში, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ 2025 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 834.5 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებულ სახელმწიფო კლინიკებს, მათში ექთნის საშუალო ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება სტაციონარულ დაწესებულებებში 5.78 ლარია, ამბულატორიულ დაწესებულებებში კი - 4.72 ლარი.

როგორც ოფიციალურ პასუხშია განმარტებული, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის პერსონალის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება შემდეგნაირად არის განსაზღვრული:

  • ექიმი - არანაკლებ 7 ლარი საათში;
  • უმცროსი ექიმი - არანაკლებ 5 ლარი საათში;
  • ექთანი - არანაკლებ 4.4 ლარი საათში;
  • ბებიაქალი - არანაკლებ 4.4 ლარი საათში;
  • ექთნის თანაშემწე - არანაკლებ 3.5 ლარი საათში;
  • სანიტარი - არანაკლებ 3 ლარი საათში.

ამავე პასუხის მიხედვით, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვეყნის 59 რაიონში 1 533 ექთანია დასაქმებული. მათი ყოველთვიური ანაზღაურება 1 218.75 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საქართველოში ექთნების რაოდენობას, სამინისტრო „საქსტატის“ მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს ქვეყანაში საექთნო საქმიანობას 21 262 ექთანი და მეანი ექთანი ახორციელებდა.

ამასთან, უწყების ცნობითვე, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში ამ ეტაპზე 14 300 ექთანია ავტორიზებული.

„ავტორიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ უწყებას ექნება სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით დასაქმებული ექთნების რაოდენობის, განათლების, სამუშაო ადგილებისა და გამოცდილების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ საექთნო პროფესია 2024 წლიდან რეგულირებადი გახდა. კანონმდებლობის მიხედვით, 2027 წლის 1-ლი ივლისიდან დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის განხორციელებისთვის ექთნებს სახელმწიფო სერტიფიკატისა და შესაბამისი საექთნო წოდების მოპოვება მოეთხოვებათ,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

111