gorgia
ავერსი legi

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ხუდათიანს და სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა.


შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალწლიან მეგობრობასა და მჭიდრო თანამშრომლობას. განიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.


რევაზ სოხაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე — მათ შორის საერთაშორისო მაგისტრალების, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო, სპორტული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის განვითარებისა და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.


სომხეთის დელეგაციამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და გამოთქვა სურვილი დაიგეგმოს პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმები პროექტების დაგეგმვის, ზედამხედველობისა და ხარისხის კონტროლის მიმართულებით.


მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და აქტიურ ურთიერთქმედებაზე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქარათველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, სომხეთის ტერიტორიული მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გზების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემების ოპერატორის“ გენერალური დირექტორი.

89