პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვეღარ აირჩევდნენ, განმარტება გააკეთა.
როგორც მინისტრის მოადგილემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რეალურად საუბარია იმ კონცეფციაზე, რომლის მიხედვითაც, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში აირჩიონ.
„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ პასუხი იქნა გაჟღერებული და შეკითხვა არა. შეკითხვა იყო, რას გულისხმობს ერთი ქალაქი ერთი უნივერსიტეტის პრინციპი. ძალიან ნათელი, მარტივი მაგალითი მოვიყვანე, როგორც სტუდენტებს ვუხსნი ხოლმე, რას ვგულისხმობთ. ვგულისხმობთ იმას, რომ მაგალითად, დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თბილისში არის 5 იურიდიული ან 5 ეკონომიკის ფაკულტეტი. საუბარია, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივესრიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის უნივერსიტეტი... არსებული მოდელი გულისხმობს იმას, რომ სტუდენტს შეუძლია აირჩიოს და პირველ ადგილზე შემოხაზოს თეორიულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მეორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მესამედ შემოხაზოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ა.შ. გუშინ მე განვმარტე, რომ ასეთი მოდელი შეიზღუდება, რადგან მოვახდენთ აღნიშნული 5 იურიდიული ფაკულტეტის ერთ ფაკულტეტად გაერთიანებას. ერთ პროგრამად გაერთიანებას. ეს პირდაპირ მთავრობის მიერ დადგენილ კონცეფციაში წერია.
შეეძლებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებშივე სხვა სპეციალობების შემოხაზვა. ასევე, მაგალითად სამართლის ან ეკონომიკის მიმართულებით შეიძლება კერძო უნივერსიტეტებში ნებისმიერი ადგილის შემოხაზვა. მათ შორის, ქუთაისში არსებული უნივერსიტეტების შემოხაზვაც“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.