global distribution
გარე ავეჯი

4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. აქცია 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაიწყება. 

ამ დროისთვის, მოქალაქეები უკვე იკრიბებიან პარლამენტთან და რუსთველის გამზირი გადაკეტილია.

ამასთან, სტუდენტები და მოქალაქეები ასევე შეიკრიბნენ თსუ-ს პირველ კორპუსთან, საიდანაც პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

დედაქალაქის გარდა, აქციები გაიმართება რეგიონებშიც. ასევე, მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში სოლიდარობის დემონსტრაციებია დაგეგმილი.

შეკრებილები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებენ თვითმმართველობის არჩევნებს, ითხოვენ პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და "ქართული ოცნების" მთავრობის გადადგომას.

თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან, სადაც აქციისთვის მთავარი სცენა უნდა დამონტაჟდეს, დილიდან საპოლიციო ძალების გადაადგილება შეინიშნება. შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.

ცნობისთვის, ქვეყანაში პროევროპული პროტესტი 300 დღეზე მეტია მიმდინარეობს.

156