აშშ-ის საელჩომ საქართველოში საიმიგრაციო ვიზების დროებითი შეჩერების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა პოლიტიკისა და რეგულაციის გადახედვის პროცესშია, რათა მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გახდნენ საჯარო ტვირთი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებისთვის.
დროებითი შეჩერება 2026 წლის 21 იანვრიდან დაიწყება და შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე სხვა 100-ზე მეტ ქვეყანას. განცხადების მიხედვით, გაცემული საიმიგრაციო ვიზები არ გაუქმებულა, ხოლო პაუზა არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს ისეთ ქვეყანაში წარადგენენ, რომელიც სიაში არ არის.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ვიზის აპლიკანტებს შეუძლიათ გასაუბრებაზე დასწრება, თუმცა დროებითი შეჩერების პერიოდში ვიზები არ გაიცემა.
საელჩო წერს, რომ შეზღუდვა ტურისტულ ვიზებს არ ეხება.
"სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდიდან (Travel. State. Gov):
ინფორმაცია საიმიგრაციო ვიზების შესახებ იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების მაღალ რისკს წარმოადგენენ
ბოლო განახლება: 2026 წლის 14 იანვარს
პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი.
2026 წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემას შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის:
ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო ვერდე, კოლუმბია, კოტ დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.
ხშირად დასმული შეკითხვები
რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს?
საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.
არსებობს თუ არა გამონაკლისები?
ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება.
ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?
არა. ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS).
ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე?
არა. ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია", - წერს საელჩო.
2025 წლის 14 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 75 ქვეყნის მოქალაქისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. სიაშია საქართველო; სომხეთი და აზერბაიჯანიც. შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საიმიგრაციო ვიზების გაცემა დროებით შეჩერებულია.