საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა. ოფიციალური ღონისძიება სოფელ ქვიშხეთში, გვირაბების შესასვლელ აღმოსავლეთ პორტალთან გაიმართა.
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მთავრობის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და სხვა მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლეს.
ღონისძიება რეგიონში ყველაზე მასშტაბური – 8 300 მეტრი სიგრძის ორმილიანი გვირაბის შესასვლელთან გაიმართა, რომელიც მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში აშენდა.
საქართველოს რკინიგზამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა შექმნა. კერძოდ, აშენდა გვირაბები, ხიდები, სადგურები, ქვესადგურები – ჯამში ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ხელოვნური შენობა/ნაგებობა. დამონტაჟდა უსაფრთხოების თანამედროვე, სიგნალიზაციის/ცენტრალიზაციისა და ბლოკირების ახალი სისტემები. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდი ლარია.
მოდერნიზაციის პროექტის დასრულებით საქართველოს რკინიგზა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. პროექტის ამოქმედების შედეგად: სატვირთო მატარებლების პირობითი სიგრძე 47 ვაგონიდან 57 ვაგონამდე, წონა კი 2 800 ტონიდან 3 600 ტონამდე იზრდება.
უქმდება სამთო რეჟიმი, რაც სატვირთო მატარებლების მსვლელობის დროს დამატებით 4 საათამდე ამცირებს. რკინიგზის გამტარუნარიანობა 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე იზრდება. მცირდება საექსპლუატაციო ხარჯები. უღელტეხილის მონაკვეთზე მატარებლების მსვლელობის დრო იმატებს. სტაბილიზაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, ბათუმამდე მგზავრობის დრო 40 წუთით მცირდება. უღელტეხილის მონაკვეთზე უსაფრთხოება იზრდება.
„მოდერნიზებული რკინიგზა ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის, სადაც განახლებით, სანდოობით და უწყვეტი განვითარებით საქართველო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საკუთარ პოზიციას – როგორც სატრანსპორტო ქსელის უმნიშვნელოვანესი რგოლი“, – განაცხადა პროექტის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ.
ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და რკინიგზის გენერალური დირექტორი გამოვიდნენ. დასასრულს სტუმრებმა მოდერნიზაციის პროექტის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი იხილეს.