საქართველოში ავოკადოს იმპორტი მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 683 ტონა (1.791 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შემოვიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან ქვეყნდება) ყველაზე დიდი მოცულობაა.
შედარებისთვის, 2025 წლის იანვარ-მარტში ავოკადოს იმპორტმა 512 ტონა (1.334 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, 2024 წლის იგივე პერიოდში - 543 ტონა (1.140 მლნ აშშ დოლარი), 2023 წლის იანვარ-მარტში - 427 ტონა (700.8 ათასი აშშ დოლარი), 2022 წლის 3 თვეში - 191 ტონა (280.6 ათასი აშშ დოლარი) და ა.შ.
„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, წელს 3 თვეში 1 კილოგრამი ავოკადოს საშუალო საიმპორტო ღირებულება 2.6 აშშ დოლარი იყო, ისევე როგორც გასული წლის იგივე პერიოდში.
[შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, არ არის გათვალისწინებული ხარისხი, საიმპორტო ქვეყნები და გადასახადები (დახლამდე)]
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, წელს იანვარ-მარტში საქართველოში ავოკადო მხოლოდ 5 ქვეყნიდან შემოვიდა. კერძოდ:
თურქეთი - 349 ტონა (615.5 ათასი აშშ დოლარი);
ნიდერლანდები - 236 ტონა (914.5 ათასი აშშ დოლარი);
ისრაელი - 56 ტონა (170.2 ათასი აშშ დოლარი);
ლიბანი - 40 ტონა (88.9 ათასი აშშ დოლარი);
უგანდა - 700 კგ (1.8 ათასი აშშ დოლარი).