janmedi
ავერსი ნემო

ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურის პერიოდში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს და შესაბამის რეკომენდაციებს ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, დღის ყველაზე ცხელ საათებში სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება. სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, მიიღონ საკმარისი რაოდენობით წყალი და თავი აარიდონ ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებას.

ამასთან, რეკომენდებულია მაღალინტენსიური ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება და მისი გადატანა დღის შედარებით გრილ მონაკვეთში, განსაკუთრებით დილის საათებში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრად აფრთხილებს მშობლებსა და შინაური ცხოველების პატრონებს, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ქუჩაში გასვლისას რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარება, ასევე ქუდის, ქოლგისა და მზისგან დამცავი სათვალის გამოყენება. საცხოვრებელ სივრცეში კი მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება, ხოლო ოთახების განიავება დილისა და ღამის საათებში.

სპეციალისტების განმარტებით, თბური ტალღები და მაღალი ტემპერატურა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოშიც იზრდება მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებასა და ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავებას უწყობს ხელს.

73