global distribution
ავერსი გარე ავეჯი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისში, კახეთში, აჭარაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიისა ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, უმრავლესობა ნარკორეალიზატორია – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. 

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

"მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდა.

სამართალდამცველების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

110