golden brand
ავერსი ნემო

მთავრობა შსს-ში სპეციალურ სამმართველოს ქმნის. ამის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალი სამმართველო შსს-სთან კონსულტაციების შედეგად იქმნება და მისი ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი ენის და აგრესიული კომუნიკაციების მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება. მდინარაძე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ შსს-ში ახალი სამმართლო მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში შეიქმნება.

"იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას და სხვა მსგავს ქმედებებს.

აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროქტიურ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში.

მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს არაერთ ქვეყანაში, მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ., სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იცავენ საზოგადოებრივ სივრცეს სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიებისგან.

იმისთვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა, თუმცა ამავდროულად, ეს, თავის მხრივ, არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკული დისკუსია, პარალელურად არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომლებზეც საზოგადოება უნდა თანხმდებოდეს, მათ შორის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და იმ ტიპის კომუნიკაციის მიუღებლობა, რომელიც მტრობას, შუღლს, საზოგადოებრივ დაძაბულობას და უკიდურეს პოლარიზაციას აღვივებს.

მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, თუმცა, მხოლოდ კანონმდებლობა საკმარისი არ არის და მის ეფექტურ და თანმიმდევრულ აღსრულებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, მიმდინარე გამოწვევების კვალდაკვალ, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს - ახალი სამმართველო უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს და კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ეფექტიან გამოყენებას.

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან. შესაბამისად, საქართველოს სამართალდამცავი სისტემა უზრუნველყოფს ისეთი სტანდარტებისა და წესების დამკვიდრებას, რომლებიც გააძლიერებს საზოგადოებრივ სტაბილურობას, ურთიერთპატივისცემას და პასუხისმგებლიან საჯარო კომუნიკაციას", - განაცხადა მდინარაძემ.

99