თერჯოლაში მოქალაქეებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ. ეკონომიკის მინისტრის ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაცია განხორციელდება 34 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც 4 თანამესაკუთრე ჰყავს.
დოკუმენტით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ექცევა E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის ზემოქმედების არეალში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მესაკუთრეებს შორის გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც ეკონომიკის სამინისტრომ დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლება მისცა.
„E-60 ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის საწყისი წერტილია სოფელი არგვეთა. შემდგომ გზა კვეთს სოფელ არგვეთას, სიქთარვას, ბარდუბანს, ქვემო სიმონეთს, რომლებიც მდებარეობს ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. საავტომობილო გზის მონაკვეთი მთავრდება სოფელ ნახშირღელეს შესასვლელთან, ქუთაისის შემოვლითი გზის დასაწყისთან. გზა კვეთს მდინარე ჩოლაბურს, ჩხარას, ძირულას, ასევე, რამდენიმე ღელესა და ხეობას.
საწყისი მონაკვეთი კვეთს ზესტაფონის მუნიციპალიტეტს, შემდეგ მიუყვება ტერიტორიას, რომელიც სრულად მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტში. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შემდგომ, აღნიშნულ მონაკვეთზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა მიწის ნაკვეთების რეგისტრაციები, რომლებიც ასევე მოექცა ხსენებული პროექტის ზემოქმედების ფარგლებში. შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებით მცირე მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა.
პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული მოქალაქეების – ბესიკ უკლებას, დარეჯან უკლებას, მარინა უკლებასა და ჯემალ ჯონის ძე უკლებას თანასაკუთრებაში არსებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეწერში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3168 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილის – 34 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე“, - აღნიშნულია ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ბრძანებაში.
ინფორმაციისთვის, ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში.