სამედიცინო კლინიკა „ტოტალ-მედი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. კლინიკის მართვას ლელა ქაჯაიას ხელმძღვანელობით პროფესიონალური გუნდი ჩაიბარებს. შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა.
კლინიკის ახალი მმართველის განცხადებით, „ტოტალ-მედის“ მთავარი მიზანია ფოთისა და ხობის მოსახლეობისთვის თანამედროვე, მაღალკვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ადგილზე შეთავაზება.
„ჩემი გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის სახელით, მინდა პირდაპირ და სრული პასუხისმგებლობით ვუთხრა ფოთისა და ხობის მოსახლეობას - „ტოტალ-მედი“ მათ მაღალკვალიფიციურ, თანამედროვე და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს. ჩვენ აქ შევქმნით ისეთ სამედიცინო სივრცეს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ის ხარისხის მომსახურება, რომლის მისაღებადაც ხშირად სხვა ქალაქში უწევთ წასვლა“, - აცხადებს ლელა ქაჯაია.
მისივე თქმით, კლინიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პროფესიული გუნდის გაძლიერება იქნება. დაგეგმილია საქართველოში წამყვანი და მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე ექიმების მოწვევა, რაც პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრის შეთავაზებას უზრუნველყოფს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დიაგნოსტიკის ხარისხს. კლინიკაში უკვე ფუნქციონირებს ლაბორატორია, რომელიც პაციენტებს ძირითადი ტიპის ლაბორატორიული კვლევების ადგილზე ჩატარების შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ კიდევ ერთი კლინიკის შექმნას - ჩვენი მიზანია, „ტოტალ-მედიმ“ ფოთსა და ხობში სამედიცინო მომსახურების ხარისხის ახალი სტანდარტი დაამკვიდროს. და ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ძალიან საინტერესო, საჭირო და მნიშვნელოვანი შეთავაზებები ელოდება ჩვენს ადგილობრივ მოსახლეობას“, - აღნიშნავს ლელა ქაჯაია.
„ტოტალ-მედის“ მართვის ახალ ეტაპთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა კომპანია „ტოტალის“ დამფუძნებელმა ნუგზარ ბარამიამაც და აღნიშნა, რომ ლელა ქაჯაიას მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებასა და მის გუნდს სრულად ენდობა.
„მინდა, წარმატება ვუსურვო ლელა ქაჯაიას და მის პროფესიონალ გუნდს, რომელსაც ვაბარებ „ტოტალ-მედის“ მართვას. ქ-ნ ლელას მრავალწლიან პროფესიულ გამოცდილებას და მის გუნდს სრულად ვენდობი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხელმძღვანელობით კლინიკა წარმატებით განვითარდება და ფოთისა და ხობის მოსახლეობას კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს.
მჯერა, რომ წინ „ტოტალ-მედის“ წარმატებული და საინტერესო ეტაპია“, - აცხადებს ნუგზარ ბარამია.
აღსანიშნავია, რომ კლინიკის საინვესტიციო ღირებულება 2.5 მილიონ ლარამდეა. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია უახლესი თაობის, თანამედროვე აპარატურით, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს პაციენტებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დიაგნოსტიკური და სამედიცინო მომსახურება შესთავაზონ.
კლინიკის ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებისა და შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით არის მოწყობილი, რაც ლაბორატორიული კვლევების ხარისხისა და სანდოობის უზრუნველყოფას ემსახურება.
განვითარების გეგმების ფარგლებში, უახლოეს მომავალში კლინიკის მეორე სართულზე სტაციონარული დეპარტამენტის ამოქმედებაც იგეგმება, რაც პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების კიდევ უფრო ფართო სპექტრის შეთავაზების შესაძლებლობას შექმნის.
ამასთან, კლინიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ემერჯენსის (გადაუდებელი დახმარების) განყოფილების ამოქმედების შესაძლებლობის განხილვა, რაც ფოთსა და მის მიმდებარე რეგიონში გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
„ტოტალ-მედი“ - თანამედროვე აპარატურა, პროფესიონალური გუნდი და განვითარებისკენ მიმართული ხედვა.