jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის მასშტაბით საომარ მდგომარეობას აცხადებს. აღნიშნულის შესახებ მან 24 თებერვალს, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
 
“რუსეთმა განახორციელა დარტყმები ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურასა და ჩვენს სასაზღვრო რაზმებზე. აფეთქებების ხმა გაისმა უკრაინის ბევრ ქალაქში. ჩვენ ვაწესებთ საომარ მდგომარეობას მთელს ქვეყანაში”, – ციტირებს BBC-ის უკრაინული სამსახური.
 
ზელენსკის განცხადებით, მას ჰქონდა საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და აშშ-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.
 
“ის, რაც დღეს გჭირდებათ, არის სიმშვიდე. გთხოვთ, დარჩით სახლში, თუ შესაძლებელია. ჩვენ ვმუშაობთ, ჯარი მუშაობს, მთელი უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორი მუშაობს”, — დაამატა მან.
 
რუსეთმა დღეს, 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
 
პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.
 
როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.
595