ჩუღურეთის რაიონში, პაატა სააკაძის ქუჩის N19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახები ახალ, გარემონტებულ ბინებს მიიღებენ. ისინი ცხოვრებას კაპანაძის ქუჩის N4-ში განაგრძობენ - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის მერიამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყო. კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ კაპანაძის ქუჩა N4-ში მოიძებნა მიწის ნაკვეთი, რომელიც თბილისის მერიას გადაეცა. ასევე, შემუშავდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, გამოცხადდა ტენდერი და აშენდა ახალი საცხოვრებელი კორპუსები.
ყოფილი ბავშვთა N5 საავადმყოფოს შენობა წლების განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენდა. შენობის ტექნიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ნაგებობა მძიმედ ავარიული და საფრთხის შემცველი იყო.
აღნიშნულ მისამართზე სულ 118 ოჯახი ცხოვრობდა. მათგან 45-ს საცხოვრებელი ფართი პროექტ „გარდენ ჰილსში“ გადაეცა, რვა ოჯახი დიდ დიღომში დაბინავდა, 12-მა კი ფულადი კომპენსაცია მიიღო. დანარჩენი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. მათი საცხოვრებელი ფართების სარემონტო ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს.
„ავარიული კორპუსიდან ახალ საცხოვრებელში გადასვლა მხოლოდ შენობის შეცვლა არ არის. ეს არის ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება - უსაფრთხოება, სტაბილურობა, კომფორტი, ქალაქისთვის კი ეს ნიშნავს მოწესრიგებულ საცხოვრებელ გარემოს, გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, უსაფრთხო ურბანულ სივრცეს, რაც ზრდის ქალაქის განვითარების დონეს და ცხოვრების ხარისხს. ეს დღე კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ ქალაქის განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის. ქალაქის განვითარება, პირველ რიგში, ადამიანებზე ზრუნვას ნიშნავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თბილისის განვითარება და მისი ხვალინდელი დღე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
45 ოჯახს საცხოვრებელი ფართების გასაღებები მერმა კახა კალაძემ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გიორგი კობიაშვილთან ერთად გადასცა.
„მინდა, მოგილოცოთ და პირველ რიგში, გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, წარმატებები. უამრავი ბედნიერი დღე აღგენიშნოთ საკუთარ ჭერქვეშ. სახლი მხოლოდ კედლები და სახურავი არ არის. სახლი არის ადგილი, სადაც იზრდებიან შვილები, იქმნება ოჯახური ბედნიერება, სადაც ადამიანს აქვს უსაფრთხოების, სიმშვიდის და მომავლის განცდა. სწორედ ამიტომ ეს დღე მხოლოდ ბინების გადაცემის დღე არ არის. ეს არის დღე, როდესაც ათეულობით ოჯახს ეძლევა შესაძლებლობა, ღირსეულ, უსაფრთხო და ადამიანურ გარემოში გააგრძელოს ცხოვრება. ამ ოჯახებმა საკმაოდ რთული გზა გაიარეს, ვიდრე აქ აღმოჩნდებოდნენ. ისინი, სხვებთან ერთად, წლების წინ ჩუღურეთის რაიონში, ყოფილ ბავშვთა N5 საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობდნენ, რომელიც საცხოვრებლად არ იყო განკუთვნილი. 118 ოჯახს ცხოვრება უწევდა ყოფილი საავადმყოფოს სივრცეში, სადაც ელემენტარული საცხოვრებელ პირობები არ არსებობდა. ამასთან, ნაგებობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო და იქ ცხოვრება იყო ძალიან რთული“, - განაცხადა კახა კალაძემ.