თბილისის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. კალაძემ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში.
„თბილისის მერია ემზადება შობა-ახალი წლის ღონისძიებებისთვის. ქალაქში უკვე აქტიურად მიმდინარეობს ილუმინაციების მონტაჟი, რომელიც საზეიმოდ 12 დეკემბერს აინთება. წელსაც მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებსა და ბიზნეს სექტორს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს საახალწლო ღონისძიებებში. იცით, რომ ყოველწლიურად გამოვყოფთ სპეციალურ ადგილებს, მათ შორის, პარკებს, სკვერებს, სადაც ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, თავიანთი საახალწლო განათებები განათავსონ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით სასიამოვნო და საზეიმო საახალწლო განწყობას დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, თქვენი თანამონაწილეობა წელსაც იქნება, რაც მისასალმებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოადგილე ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნეს სექტორთან.