თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელ ტრამვაის ხაზის პროექტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა და მასში მონაწილეობის სურვილი 4-მა კომპანიამ გამოთქვა. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, „უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობების შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება“.
„ტრამვაის ხაზთან დაკავშირებით გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, რომელიც დასრულდა 31 მარტს. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ვიცი, რომ საზოგადოება ძალიან ელოდება ქალაქისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ეტაპობრივად ყველაფერს გეტყვით, რა ეტაპზე ვიმყოფებით.
მოცემულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისად სატენდერო წინადადებები წარმოადგინა 4-მა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ. მათ შორის, სამი თურქეთში და ერთი ჩინეთშია რეგისტრირებული. 4-ივე პრეტენდენტი წარმოადგენს საკმაოდ მსხვილ და გამოცდილ კომპანიას, რომლებსაც არაერთი ანალოგიური პროექტი აქვს განხორციელებული სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ქალაქში. უკვე დაწყებულია წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი და გამოცხადებული ტენდერის პირობების შესაბამისობის დადგენის პროცესი, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
საკმაოდ დიდი დოკუმენტაციაა, რის შემდეგაც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება. აქვე შეგახსენებთ, დაგეგმილი ტრამვაის ხაზის ძირითად პარამეტრებს. ტრამვაის ხაზი იწყება დიდი დიღმის მესამე და მეოთხე მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით, დაუკავშირდება მეტროსადგური „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას.
მისი საორიენტაციო სიგრძე შვიდნახევარ კილომეტრს შეადგენს, სადაც პროექტით გათვალისწინებულია 11 გაჩერება. აღნიშნული პროექტი, ასევე, მოიცავს შესაბამისი ტრამვაის დეპოს მოწყობას, რომელიც გათვლილი იქნება 11 ერთეული ტრამვაის შემადგენლობა მომსახურება-ექსპლუატაციაზე. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ტენდერი გამოცხადებული იყო „აზიის განვითარების ბანკის“ შესყიდვების შესაბამისად. პროექტი შედგება 3 ეტაპისგან - კონცეპტუალური პროექტი, დეტალური პროექტი და მშენებლობა, რომლის ჯამური ვადა 36 თვეს შეადგენს“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმითვე, „სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლებამ ტრამვაის ხაზის დემონტაჟი განახორციელა“.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი დედაქალაქისთვის. სამწუხაროა, რომ ტრამვაის ხაზის დემონტაჟი განახორციელა წინა ხელისუფლებამ, რომელიც ქალაქში არსებობდა სხვადასხვა რაიონში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. ეს იქნება პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ და კიდევ ბევრი ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდება სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.