
მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რაც მგზავრთა გადაადგილებისას ტექნოლოგიურად შეუძლებელია.
„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 45 დღით დაიკეტოს“, - აღნიშნა კალაძემ.
მერის თქმით, პროექტი შპს „პრობილდ ექსპერტმა“ მოამზადა უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით. სადგურის ჭერზე აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟის შემდეგ საჭირო გახდა რკინა-ბეტონის თაღის მდგრადობის დამატებითი კვლევები. კვლევები ჩატარდა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს რეკომენდაციით.
"მოთხოვნილი კვლევების ფარგლებში, დამატებით განხორციელდა: მოსაცდელი დარბაზის რკინა-ბეტონის თაღის მთელ ზედაპირზე ბეტონისა და არმატურის მდგომარეობის ლაბორატორიული შესწავლა; თაღის მიღმა სივრცეების სრული გეო-ტექნიკური სკანირება; საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების მდგომარეობის შესწავლა და სხვა; კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციების რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად სამუშაოებს: ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება; თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა; თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისათვის. დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრი დეტალების რეაბილიტაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, აღნიშნული სადგურის მთლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ნოემბერ-დეკემბერშია დაგეგმილი.
„პროექტით განსაზღვრულია საკმაოდ მოცულობითი სამუშაოების ჩატარება სპეციალური ტექნოლოგიური პროცესის დაცვით, რომელთა განხორციელებაც მგზავრების მოძრაობის პირობებში შეუძლებელია. შესაბამისად, რკინა-ბეტონის თაღზე და საესკალატორო გვირაბში დამატებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით. შემდეგ გადავალთ უშუალოდ მოპირკეთების სამუშაოებზე. უსაფრთხოებიდან გამომდინარე საჭიროა, რომ სადგური 45 დღით იყოს დაკეტილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. პროექტზე შპს “ყვარელმშენი" მუშაობდა. 2018 წლის 30 იანვარს, რეაბილიტირებულ „ვარკეთილის“ მეტროსადგურში, ჭერი ჩამოინგრა. 2022 წელს მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე მორიგი ხელშეკრულება კომპანია “მამისონთან” გაფორმდა, თუმცა კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მალევე გაწყდა.
ამის შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილის” რეაბილიტაციაზე 13.4 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა. პროექტზე შპს “ბადა ქონსთრაქშენსი” მუშაობს.
გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ადგილზე სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. ბოლო ხელშეკრულების ვადა 2024 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა.