
მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი, ვინ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
კალაძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში დედაქალაქში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.
„მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და ვნახავთ, ვის აქვს შანსი და ვინ გაიმარჯვებს.
მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, გვყოლია წარმატებული ადამიანები, განხორციელებულა წარმატებული პროექტები, მაგრამ ამ მასშტაბის პროექტები, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან მოყოლებული გაკეთდა, მე არ მახსოვს. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულებას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის მერი ამბობს, რომ ეს საკითხი მისთვის „ინტერესის საგანი არ არის“.
„ნაციონალური მოძრაობა“ - ეს არის რადიკალური დაჯგუფება. მათი ან რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხზე პოლემიკაში შესვლა მე არ მინდა, ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“, დაწყებული გაქვს მზადება საარჩევნოდ. დედაქალაქში და რეგიონებშიც არის უამრავი გამოწვევა, პრობლემები და ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი, კონკრეტული პროექტების წარმოდგენა, თუ რა გაკეთდება მომდევნო წლების განმავლობაში და რა შეიცვლება მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
„ზოგადად, ოპოზიცია არის გარედან შეკოწიწებული რაღაც ერთობა, ასე დავარქმევდი. არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური დაჯგუფება, თუმცა წლების წინ, ისინი იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც შემდეგ გამოეყვნენ „ნაცმოძრაობას“, თითქოს არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ ამ პარტიასთან. ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, თუმცა, რომ გავაანალიზოთ ინდივიდუალურად, ვინ ვინ არის და რა წარსულის მქონეა, მივდივართ ისევ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - იმ ბინძურ და კრიმინალურ ორგანიზაციასთან, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.