golden brand
ავერსი ნემო

2026 წლის იანვარ-აპრილში თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების პიკის საათებში მოძრაობაზე გამოწერილი ჯარიმების მოცულობა წლიურად 52%-ით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს 4 თვეში აღნიშნული დარღვევისთვის ბიუჯეტში 474 630 ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 992 505 ლარი.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, თბილისში დიდგაბარიტიანი მანქანების პიკის საათებში მოძრაობაზე გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 158%-ით გაიზარდა. კერძოდ, ანგარიშს მიხედვით, 2025 წელს აღნიშნული დარღვევისთვის ბიუჯეტში 2 972 751 ლარი შევიდა, წინა წელს 1 153 574 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე მანქანების, კერძოდ, N1, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის გადაადგილება აიკრძალა. შეზღუდვა 08:00- 11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში მოქმედებს.თუმცა, რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე. ამასთან, აკრძალვა არ მოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

რაც შეეხება ფულადი სანქციის მოცულობას, რეგულაციის მიხედვით, დამრღვევი პირზე ჯარიმა 1000 ლარია, განმეორების შემთხვევაში კი 3000 ლარი.

დიდი ავტომობილების გადაადგილება დროის გარკვეულ მონაკვეთებში, შემდეგ მისამართებზეა შეზღუდული: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.

82