2026 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 11%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ ბაზრის მიმოხილვიდან.
კვლევის მიხედვით, წელს მაისში დედაქალაქში 3 748 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის იმავე თვეში ტრანზაქციები 3 374-ს შეადგენდა.
„2026 წლის მაისში პირველად ბაზარზე მოთხოვნა მეტწილად უცვლელი დარჩა. აღსანიშნავია, რომ გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად მცირედით გაიზარდა, თუმცა გაყიდული ფართობი შემცირდა, რაც მაისში გაყიდული ბინების საშუალო ზომის შემცირებას უკავშირდება.
გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორად ბაზარზე და 2023 წლის შემდეგ მეხუთე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი ზედიზედ მერვე თვეა მცირდება.
პირველად ბაზარზე ფასმა ზრდა ზომიერი ტემპით განაგრძო, ხოლო მეორად ბაზარზე ფასის მცირე კლება დაფიქსირდა, რაც აპრილში მკვეთრი ზრდის შემდეგ ნაწილობრივ სტაბილიზაციაზე მიუთითებს”, - ვკითხულობთ კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გაზრდილია ბინების ფასიც. კერძოდ, 2026 წლის მაისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 412 დოლარი იყო, 2025 წლის იმავე პერიოდში კი 1 331 დოლარი. მონაცემები წლიურად 6%-იან ზრდას აჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ უბნების მიხედვით ყველაზე მაღალი ფასები ვაკეში დაფიქსირდა, სადაც მაისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილმა გასაყიდმა ფასმა 3.1 ათას დოლარს გადააჭარბა.
უფრო კონკრეტულად, 1 კვ.მ-ის საშუალო ფასები უბნების მიხედვით ასეთია:
ვაკე - 3 150 დოლარი;
მთაწმინდა - 2 922 დოლარი;
ჩუღურეთი - 2 250 დოლარი;
საბურთალო - 1 687 დოლარი;
კრწანისი - 1 642 დოლარი;
დიდუბე - 1 445 დოლარი;
ისანი - 1 410 დოლარი;
ნაძალადევი - 1 257 დოლარი;
სამგორი - 1 141 დოლარი;
დიდი დიღომი - 1 140 დოლარი;
გლდანი - 1 132 დოლარი;
ვაშლიჯვარი - 1 071 დოლარი.