თბილისში ტრამვაის ხაზის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს.
მისივე განცხადებით, პროექტის დასრულება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება.
„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა ჩვენი დედაქალქისთვის, რადგან თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თურქულ კომპანიას, ერთობლივ საწარმოს EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) შორის ხელი ეწერება ხელშეკრულებას თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის შესახებ. მახსოვს, როდესაც ტრამვაის დაბრუნების შესახებ პირველად გავაკეთე განცხადება, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა ამას საზოგადოებაში. იყო დიდი სიხარული, მაგრამ იყო სრულიად ბუნებრივი კითხვაც, როდის გახდება ეს იდეა რეალობა? დღეს სწორედ ამ კითხვას ვცემთ პასუხს, იდეიდან, დაპირებიდან გადავდივართ კონკრეტულ საქმეზე. ეს ჩემთვის, თანაგუნდელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება, ნას სჭირდება დაგეგმვა, ფინანსური რესურსი, პროფესიონალების ჩართულობა, დრო და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. შესაბამისად, მე, პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს – „ქართულ ოცნებას“, მადლობა ჩვენს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის.
ტრამვაის დაბრუნებას თბილისისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს არის ის ქალაქური კულტურის დაბრუნება, რომელიც ჩვენი უფროსი თაობის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, თუმცა ჩვენ წარსულში დაბრუნებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაბრუნებთ ტრამვაის იმისთვის, რომ თბილისს მომავლის სატრანსპორტო სისტემა შევუქმნათ. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის განხორციელებაც 2017 წლიდან დავიწყეთ, სწორედ ამას ემსახურება – ქალაქში გადაადგილება იყოს უფრო სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ქუჩა თანაბრად უნდა ემსახურებოდეს ფეხით მოსიარულეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრს, ეკოტრანსპორტით მოსარგებლეს და ავტომობილების მძღოლებს.
ჩვენ გგვინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანმა აირჩიოს არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ ის არის სწრაფი, კომფორტული და საიმედო. ტრამვაი ამ სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება. ტრამვაის ხაზი დიდი დიღმის დასახლებას მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დააკავშირებს. პროექტი შედგება სამი ეტაპისგან – კონცეპტუალური პროექტის მომზადება, დეტალური პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები. სამივე ეტაპის ჯამური ვადა გახლავთ 36 თვე, ხოლო, ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგეგმება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, ასეთი მასშტაბის პროექტს აუცილებლად ახლავს გარკვეული დისკომფორტი. როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველაფერს გაკეთდება, რათა დისკომფორტი მაქსიმალურად შემცირდეს.
„რასაკვირველია, ერთი ტრამვაის ხაზი თბილისის ყველა სატრანსპორტო გამოწვევას ვერ გადაწყვეტს და ამის თქმას არც ვაპირებ, მაგრამ დიდი ცვლილებები ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება. გვინდა, რომ ეს ხაზი გახდეს თანამედროვე ტრამვაის ქსელის განვითარების დასაწყისი და თბილისის სატრანსპორტო სისტემის ახალი ეტაპი. წინ რთული სამუშაო პროცესი გველოდება. ასეთი მასშტაბის პროექტს აუცილებლად ახლავს გარკვეული დისკომფორტი. ამიტომ დღესვე მინდა, თბილისელებს ვუთხრა, ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღიად ვიქნები პირადად მეც, ჩემი თანაგუნდელებიც და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას სამუშაოების შესახებ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დისკომფორტი მაქსიმალურად შევამციროთ. როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს, მთავარია, რა რჩება ამ პროცესის დასრულების შემდეგ. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ არა უბრალოდ ხელშეკრულებას, დღეს ვიწყებთ პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს. მინდა, წარმატებები ვუსურვო თურქულ კომპანიას, ჩვენს სატრანსპორტო კომპანიას, ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში და იქნება ჩართული. ჩვენ დავპირდით თბილისელებს ტრამვაის დაბრუნებას, დღეს ამ დაპირების შესრულების კონკრეტულ ეტაპს ვიწყებთ. შემდეგი მთავარი დღე იქნება ის, როდესაც პირველი ტრამვაი ამ ხაზზე მგზავრებით გაივლის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კეთილ საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.