2025 წლის დეკემბერში, თბილისში უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა წლიურად 17%-ით გაიზარდა და 384 მილიონ დოლარს მოაღწია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიურ მიმოხილვაშია საუბარი.
კვლევის მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში დედაქალაქში 4 385 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის დეკემბრის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. ხოლო 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ჯამური გაყიდვები გაზრდილია 4%-ით.
ანალიტიკოსების შეფასებით, მსგავსი ზრდა განპირობებული იყო დიდი სამშენებლო პროექტების ექსპლუატაციაში მიღებით.
რაც შეეხება ღირებულებას, „თიბისი კაპიტალის" მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, კვ.მ-ს საშუალო გასაყიდი ფასი 1 341 დოლარს გაუტოლდა და წლიურად 6%-ით გაიზარდა. ხოლო გასაქირავებელმა ფასმა კვ.მ-ზე 10.1 დოლარი შეადგინა, რაც 9%-ით ნაკლებია 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2025 დეკემბერში 750 ახალი ბინა გაიყიდა და წლიურ ჭრილში 24%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, ტრანზაქციების რაოდენობამ 3 635 შეადგინა, რაც 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, 23%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ თანახმად, 2025 წლის დეკემბერში, გაყიდული ბინების უდიდესი წილი კვლავ 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონე ბინებს უკავია, რომელიც მთლიანი გაყიდვების 44%-ს შეადგენს. 125 კვ.მ-ზე მეტი ფართობის მქონე ბინებმა კი ჯამური გაყიდვების 4% დაიკავა და გასული თვის დონეზე შენარჩუნდა.