jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე გავრცელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
 
მისი თქმით, აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეები მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციას შეძლებენ.
 
„დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. როგორც იცით, გარკვეულ ქუჩებზე ეს სისტემა უკვე მოქმედებს. ჩვენ ამ პროგრამას განვაგრძობთ და ის უკვე ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
თბილისის მერის თქმით, პარკირება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე, შშმ  პირებისთვის, ელექტრომობილებისა და A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე უფასო იქნება. 
 
„ჩვენ აღნიშნულ პროგრამას ეტაპობრივად ვახორციელებთ და საბოლოო ჯამში, ის მთელ ქალაქს მოიცავს. თბილისში, დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, ხოლო ამ ცვლილებით, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
 
ცნობისთვის, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად კოტე აფხაზის ქუჩაზე, შემდეგ ორბელიანის მოედანზე, ასევე, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდა.
 
1358