jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარის შემოსავალს ელის, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 
 
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ტურიზმის აღდგენა არააქტიურ სეზონზეც კარგად მიმდინარეობს. 
 
„ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის ტენდენცია, ვფიქრობთ შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება. ივლის-აგვისტოში და ვფიქრობთ, რომ სექტემბერშიც, ტურიზმიდან შემოსავლები აჭარბებს მათ შორის პანდემიამდელ მონაცემებს და როგორც ვუყურებთ, საკმაოდ აქტიურად მიდის არაპიკური სეზონი. შემდგომში ჩვენ გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი ზამთრის სეზონი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დარჩენილი პერიოდი იყოს მიმზიდველი ტურისტებისთვის, ამის წინაპირობა ის ავიარეისებია, რომელიც სხვადასხვა ტურისტულ ბაზართან მიმართებით გვაქვს.
 
დაინტერესება ავიაკომპანიებიდან ამ მხრივ არის, ისინი ინარჩუნებენ ფრენებს. ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით პანდემიამდელ მონაცემებს გავუტოლდებით. ანუ დაახლოებით ველით, რომ ქვეყანაში 3 მლრდ დოლარი ტურიზმის სექტორიდან უნდა შემოვიდეს და ჩვენ ტურიზმის ზრდა და აღდგენა 2023 წელსაც უნდა გავაგრძელოთ. ვფიქრობ, ტენდენცია აბსოლუტურად დადებითია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ტრადიციული ბაზრიდან ტურისტული ნაკადების დაბრუნება ობიექტური მიზეზების გამო, ძირითადად რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ და ვფიქრობ, ეს არის სივრცე იმისთვის, რომ ტურიზმის სექტორიდან მომავალშიც ველოდოთ ზრდას“, - განაცხადა დავითაშვილმა.
 
ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული ტურიზმის სტრატეგიის თანახმად, 2025 წლისთვის ქვეყანა ტურიზმიდან 5.2 მილიარდი დოლარის შემოსავალს მიიღებს. პანდემიამდელ 2019 წელს ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.2 მილიარდი დოლარი მიიღო.
489