გუდაურში 18 ივლისიდან ზაფხულის სეზონი იხსნება - ამის შესახებ ინფორმაციას „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) ავრცელებს.
მათივე ცნობით, გუდაურისა და კობის საბაგიროები - გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო - 11:00-დან 17:00 საათამდე, ყოველდღე იმუშავებს.
„აბონემენტები ხელმისაწვდომია კურორტის სალაროებში. 10-დღიანი აბონემენტის გააქტიურებას გასული სეზონების მულტიქარდზეც შეძლებთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რა ეღირება საბაგიროთი სარგებლობა?
რაც შეეხება ფასებს, ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ერთი ასვლის ფასი უფროსებისთვის 15 ლარი, ბავშვისთვის კი (6-12 წელი) 10 ლარი იქნება.
ამასთანავე, კობის გადმოსახედიდან საბაგიროს ფასი ორივე გზის შემთხვევაში უფროსებისთვის 35 ლარი, ხოლო ბავშვებისთვის (6-12 წელი) 25 ლარია.
10-დღიანი სეზონური აბონემენტის ფასი კი უფროსებისთვის 100 ლარი, ბავშვებისთვის (6-12 წელი) კი 80 ლარით განისაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ 6-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საბაგიროებით სარგებლობა უფასოა.