
2025 წლის მესამე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,666.8 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.6%-ით მეტია. ხოლო ჯამურად მიმდინარე წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 3,637.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 5.1%), – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის III კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 14.3%-ით განისაზღვრა და 238.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა – ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.3%-ია.
„სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან და ისრაელიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 36.3% და 28%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები – 2025 წლის III კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 14.3%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მესამე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება: აზერბაიჯანი – 66.4 მლ აშშ დოლარი, ბელარუსი – 36.9 მლ აშშ დოლარი, თურქეთი – 195.7 მლ აშშ დოლარი, ირანი – 42.9 მლ აშშ დოლარი, ისრაელი – 188.3 მლ აშშ დოლარი, რუსეთი 252.5 მლ აშშ დოლარი, საუდის არაბეთი – 85.9 მლ აშშ დოლარი, სომხეთი – 61.4 მლ აშშ დოლარი, უკრაინა – 44.9 მლ აშშ დოლარი, ევროკავშირი – 238.2 მლ აშშ დოლარი, დანარჩენი ქვეყნები – 453.7 მლ აშშ დოლარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.