2025 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 1 250 417 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც ვიზიტორთა რაოდენობის კუთხით რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 2024 წელთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა თითქმის 13%-ით არის გაზრდილი. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში აღნიშნავენ, აღნიშნული სტატისტიკა მიუთითებს დაცული ტერიტორიების მზარდ პოპულარობაზე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს შორის.
მათივე ინფორმაციით, ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებს შორის ლიდერობენ:
პრომეთეს მღვიმე – 285 883 ვიზიტორი
მარტვილის კანიონი – 275 475 ვიზიტორი
მტირალას ეროვნული პარკი – 131 271 ვიზიტორი
სათაფლიის მღვიმე – 105 389 ვიზიტორი
წალკის კანიონი – 98 809 ვიზიტორი
სააგენტოს მონაცემებითვე, 2025 წელს ქართველი ვიზიტორების რაოდენობამ 515 188 შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 12%-იან ზრდას ასახავს. 14%-ით არის გაზრდილი უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, მოგზაურთა რაოდენობამ 735 229 ვიზიტორს მიაღწია. შესაბამისად, გამოდის, რომ გასულ წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების 58.8% უცხოელი იყო.
„მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს დაცული ტერიტორიები სულ უფრო მიმზიდველი ხდება, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ეკოტურიზმის განვითარებასა და ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.დაცული ტერიტორიების სააგენტო 2025 წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა სარეკრეაციო ინფრასტრუქტურისა და სერვისების განვითარებაზე, რაც ქმნის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ვიზიტორებისთვის და უზრუნველყოფს ბუნებრივი მემკვიდრეობის მდგრად დაცვას“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.