jan-medi
ავერსი ART WINDOWS

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა. 

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ კანონპროექტის წარდგენისას განმარტა, „ტურიზმის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევას, შემუშავდა შესაბამისი დადგენილება „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.

მისივე თქმით, დადგენილების შემუშავების პროცესში მთელი რიგი საკითხები გამოიკვეთა, რაც მიზანშეწონილს ხდის კანონის მე-12 მუხლის ჩანაწერის შეჩერებას 2026 წლის 1 იანვრამდე. კერძოდ, გამოიკვეთა, რომ კერძო სექტორი ამ ეტაპისთვის მოსალოდნელ ცვლილებებს მომზადებული ვერ ხვდება, შესაბამისად, ადაპტირებისთვის დამატებით ვადებს საჭიროებს.

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში უცხოელი ტურისტებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა, 2024 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედებულიყო.

ცნობისათვის, სამოგზაურო დაზღვევა თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც მოგზაურობისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით არის გამოწვეული.

წყარო: BPN

180