
2025 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორები (ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) საქართველოში წლიურად 1.3%-ით გაიზარდა და 1.2 მლნ მოგზაური შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ ტურიზმის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე შეფასებით, აღნიშნული ზრდა ძირითადად ტურისტული ვიზიტების 2.2%-იანმა ზრდამ განაპირობა (81.8% მთლიან ვიზიტებში), მაშინ როცა ერთდღიანი ვიზიტები წლიურად 2.4%-ით შემცირდა.
„ვიზიტორების მთლიან ზრდაში ყველაზე მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ვიზიტორების ზრდამ ისრაელიდან (+72.9% წ/წ), რომელსაც მოჰყვება ვიზიტორების ზრდა აზერბაიჯანიდან (+25.9% წ/წ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანიდან სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილია) და ინდოეთიდან (+27.7% წ/წ).
ამასთან, ვიზიტორთა შემცირება თურქეთიდან (-11.5% წ/წ) და სომხეთიდან (-5.7% წ/წ) ყველაზე მაღალი უარყოფითი წვლილით გამოირჩეოდნენ აღნიშნულ პერიოდში.
ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (56.3%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (42.9%-იანი წილი).
სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 2.3%-ით გაიზარდა და 826 მლნ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის 1-ელ კვარტალში. ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმის შესავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს,“ - აღნიშნულია მიმოხილვაში.