
2025 წლის პირველ კვარტალში ოქროზე რეკორდული მოთხოვნა დაფიქსირდა. World Gold Council-ის მონაცემებით, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მთლიანი მოთხოვნა 1%-ით გაიზარდა და 2025 წლის პირველ კვარტალში 1 206 ტონა შეადგინა, რაც 2016 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრალურმა ბანკებმა 2025 წლის პირველ კვარტალში ჯამურად 244 ტონა ოქრო იყიდეს, რაც წინა კვარტალთან შედარებით, მოთხოვნის შენელებაზე მიუთითებს, თუმცა საერთო ჯამში, ბოლო სამი წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ნორმის ფარგლებში მერყეობს.
გარდა ამისა, ანგარიშიდან ირკვევა, რომ წელს საანგარიშო პერიოდში კვლავაც მაღალი დარჩა ოქროს ზოდებსა და მონეტებზე მოთხოვნა. კერძოდ, ამ ნაწილში მოთხოვნამ 325 ტონა შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის კვარტალურ საშუალო მაჩვენებელს 15%-ით აჭარბებს.
ამასთან, World Gold Council-ის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ოქროს ფასი კვლავაც რეკორდულად გაიზარდა, რაც გარკვეულწილად აისახა ნაკეთობებზე მოთხოვნაზე. კერძოდ, „რეკორდული ფასის ფონზე, ოქროს სამკაულებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა“. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა შემცირდა, მზარდი ფასების გათვალისწინებით, მომხმარებელთა მიერ ოქროს სამკაულებზე გაწეული დანახარჯები წლიურად 9%-ით გაიზარდა და 35 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
რაც შეეხება ოქროს ამჟამინდელ ფასს, თბილისის დროით 12:00 საათზე გლობალურ ბირჟებზე 1 უნცია 3 222 დოლარად ივაჭრება. ფასი ერთი დღის ჭრილში 3%-ით არის შემცირებული. მიუხედავად ამისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ოქროს ფასი 42%-ზე მეტით, ხოლო თვის ჭრილში 3.6%-ით არის გაზრდილი.