jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
"საჯარო ინტერესი გავითვალისწინეთ, მაგრამ რა მექანიზმებია მოფიქრებული, რომ კერძო ბიზნესის ინტერესები არ დაზიანდეს?" - ამ კითხვით მიმართა „კრისტალბეთის“ წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილს, რომელიც აზარტული თამაშების შეზღუდვის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ავტორი და მომხსენებელია.
 
ირაკლი წიკლაურის თქმით, არასწორი მიდგომაა, რომ კანონით სათამაში ბიზნესი „შავდება“.
 
„აშკარაა, რომ არსებობს საჯარო ინტერესი და არსებობს კერძო ინტერესი. საჯარო ინტერესი არის სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს დაცული აზარტული თამაშების მავნე ზეგავლენისგან, თუკი ასეთი არსებობს; კერძო ინტერესი არის სათამაშო ბიზნესის ლეგიტიმური ინტერესი. კანონიერი ბიზნესია ეს და ცუდი მიდგომაა, რომ „ვაშავებთ“ ამ ბიზნესს.
 
ეს არის ბიზნესი, რომელმაც უნდა მიიღოს შემოსავალი. საჯარო ინტერესის მისაღწევად კერძო ბიზნესს ვაცლით მომხმარებლის გარკვეულ სეგმენტს და ძალიან ვუზრდით საგადასახადო ტვირთს ანუ საჯარო ინტერესი გავითვალისწინეთ, მაგრამ რა გავაკეთეთ იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ კერძო ბიზნესის კერძო ინტერესი? თუ გვაქვს მოფიქრებული რაიმე, რომ ამ ცვლილებებმა ნაკლებად დააზიანოს ეს ბიზნესი? რა მექანიზმები გვაქვს შემუშავებული?“, - მიმართა სონღულაშვილს „კრისტალბეთის“ წარმომადგენელმა.
 
საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც აზარტული თამაშების რეგულირებას, გადასახადების გაზრდას, 1 მლნ მოქალაქისთვის თამაშის აკრძალვას და ამ სფეროს რეკლამირების აკრძალვას ეხება.
846