
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი [IDFI] აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ეკონომიკური აქტივობა მცირდება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, დეკემბრიდან მოყოლებული მოსახლეობის მიერ განხორციელებული საბანკო ტრანზაქციები და საბარათე გადახდების ზრდის ტემპი შემცირების ტრენდს აჩვენებს.
დეკემბერში ტრანზაქციების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 6.1%-ით გაიზარდა, რაც ბოლო 3 წლიან პერიოდში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ხოლო თებერვალში იანვართან შედარებით 2%-იანი ვარდნაა.
2025 წლის თებერვალში საბანკო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა იანვართან შედარებით 0.5%-ით შემცირდა, რაც ისტორიულად ამ პერიოდში კლების პირველი შემთხვევაა.
IDFI-ის ცნობითვე, სავაჭრო ცენტრებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა და ინტერნეტ გადახდები დეკემბერში პანდემიური 2020 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა. 2024 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ზრდა 5.6% იყო - ნაცვლად 2023 წლის 7.8%-სა.
შეცვლილია მოსახლეობის მიერ ინტერნეტით ნივთების შეძენის ტენდენციაც. დეკემბერში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით მხოლოდ 4.6%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 20%-ს აღემატებოდა. თებერვალში კი იანვართან შედარებით ინტერნეტ შოპინგის ტრანზაქციები 3%-ით შემცირდა, როცა წინა წელს ეს მაჩვენებელი 1.5%-იან ზრდას აჩვენებდა.
რაც შეეხება საკრედიტო აქტივობას, კომერციული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური სესხების რაოდენობა 2025 წლის პირველ ორ თვეში 14%-ით შემცირდა.
"ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობაზე. რუსი მიგრანტების შემოდინების ტემპის შემცირების პარალელურად, რომელიც 2022 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში უცხოური ფინანსური რესურსის მობილიზების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა, შენელებულია მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობაც.
გასული წლის დეკემბრის დასაწყისიდან მოყოლებული მასობრივი პროტესტისა და ხელისუფლების მიერ დასავლეთთან ურთიერთობების დაძაბვის და ღია კონფრონტაციის ფონზე, ბიზნესის ნაწილმა თავად განაცხადა უარი ახალი პროექტების განხორციელებაზე. ბიზნესის მიერ დაპაუზებულ აქტივობას კი თან ერთვის მოსახლეობის ფინანსური ქცევის შეცვლაც. კერძოდ, ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების და ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყების შემდგომ არაერთი მიმართულებით შესამჩნევია ეკონომიკური აქტივობის შემცირება. კლების ტენდენციას აჩვენებს მოსახლეობის ხარჯვა, უძრავი ქონების შეძენა, გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა, რასაც თან ერთვის შემცირებული ფულადი გზავნილებიც", - წერია IDFI-ის მიმოხილვაში.
მოსახლეობის დანახარჯები ერთ-ერთი საზომია, რომელიც ქვეყნის შიგნით ეკონომიკურ აქტივობას გვაჩვენებს. რაც შეეხება ინტერნეტ შოპინგს, ქვეყანაში ინტერნეტ ტრანზაქციების რაოდენობამ პიკურ ზრდას 2020 წელის დეკემბერში მიაღწია, როცა წინა წელთან შედარებით 75-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2021 წლის დეკემბერში მაჩვენებელი წლიურად 14%-მდე შემცირდა, თუმცა 2022 და 2023 წლებში ზრდა კვლავაც მაღალ ნიშნულზე 19% და 47%-ზე ნარჩუნდებოდა.
შარშან დეკემბერში კი შემცირება აჩვენა როგორც წლიურმა მაჩვენებელმა, ასევე წინა თვესთან შედარებამ. წლიურად ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის ზრდის ტემპი 7.6%-მდე შემცირდა, წინა თვესთან შედარებით კი ზრდა 4.6% იყო.
რაც შეეხება იანვარს, ინტერნეტ ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპი წლიურად ბოლო წლებში ყველაზე ყველაზე დაბალი ტემპით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი ტრადიციულად კლება დაფიქსირდა. კლების ტრენდი გაგრძელდა თებერვალშიც, როდესაც ინტერნეტ ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 9%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც წინა წელს ზრდა თითქმის 49% იყო.
IDFI-ში აცხადებენ, რომ საქართველოს მსგავს ეკონომიკებზე პოლიტიკური არასტაბილურობის გავლენა საკმაოდ დიდია და ის მუდმივად ხვდება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების დაკვირვების ობიექტიც. პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, მოსალოდნელია რომ როგორც კერძო სექტორის, ისევე მოსახლეობის ნდობა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის მიმართ კიდევ უფრო მეტად შეირყეს.