jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

რუსეთი აშკარად მასშტაბურ ტერორისტულ აქტს ამზადებს, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი კრემლის განცხადებას უკრაინის მიერ დრონებით თავდასხმის შესახებ.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინა მხოლოდ თავდაცვით ომს აწარმოებს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე.

„რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე. ყველაფერი პროგნოზირებადია. რუსეთი აშკარად ამზადებს მასშტაბურ ტერორისტულ აქტს. ამიტომ ჯერ აკავებს ყირიმში ვითომ დივერსანტების მცირე ჯგუფს. შემდეგ კი აჩვენებს „დრონებს კრემლის თავზე“. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა აწარმოებს მხოლოდ თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რატომ? ეს არანაირ სამხედრო ამოცანას არ ასრულებს, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ რუსეთმა გაამართლოს თავისი თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე“, – წერს პოდოლიაკი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის სხვადასხვა რაიონებში მომხდარი შემთხვევები, რუსეთის ენერგეტიკული ობიექტებისა და კრემლის ტერიტორიაზე უცნობი უპილოტო აპარატები შესაძლოა, მეტყველებდეს წინააღმდეგობის ადგილობრივი ძალების იატაკქვეშა მუშაობაზე.

„თუმცა, რუსეთი მუდმივად საუბრობდა ჰაერზე თავის ტოტალურ კონტროლზე. ერთი სიტყვით, რუსეთში რაღაც ხდება, თუმცა დაზუსტებით კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე“, – წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინამ კრემლზე ორი დრონით თავდასხმა სცადა. კრემლის თავზე აფეთქების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მანამდე, ცოტა ხნით ადრე, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავეს უკრაინელი აგენტების ჯგუფი, რომლებიც, უწყების მტკიცებით, ყირიმში ტერაქტების სერიას გეგმავდნენ.

275