
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 15 მაისს, ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თურქეთში პირადად ელოდება.
მისი თქმით, უკრაინა ხვალიდან სრულ და ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას ელოდება დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად.
"დიპლომატიისთვის აუცილებელი საფუძვლის შესაქმნელად ხვალიდან სრულ და გრძელვადიან ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით. მკვლელობების გაჭიანურებას აზრი არ აქვს. ხუთშაბათს პუტინს თურქეთში დაველოდები. პირადად მე. იმედი მაქვს, რომ ამჯერად რუსები საბაბს არ მოძებნიან", - წერს ზელენსკი X-ზე.
შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს უკრაინაში ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.