ფინანსთა სამინისტრო დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვრის 100 000-დან 300 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივას მხარს არ უჭერს.
ასე უპასუხეს ფინანსთა სამინისტროში BMG-ის კითხვას, რომელიც “თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის” ინიციატივიდან გამომდინარეობდა.
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) არაპირდაპირი გადასახადია, რომელიც, როგორც წესი, გადაიხდება საქონლის/მომსახურების წარმოებისა და განაწილების ყველა სტადიაზე. საქართველოში დღგ-ის განაკვეთი 18%-ია. დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
პირი, რომელიც საქართველოში ეკონომიკური საქმიანობითაა დაკავებული და თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი ამ ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრი თანხა 100 000 ლარს აღემატება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად. სწორედ ამ ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით მიმართა "თავისუფალ ბიზნესმენთა ასოციაციამ" ფინანსთა სამინისტროს.
ლაშა ხუციშვილის უწყებაში მიიჩნევენ, რომ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის 100 000-ლარიანი ზღვარი წარმოადგენს დღგ-ის სისტემის მნიშვნელოვან ელემენტს და უზრუნველყოფს გონივრულ ბალანსს, ერთი მხრივ, მცირე ბიზნესის ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებასა და, მეორე მხრივ, დღგ-ის სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას შორის.
“დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვრის არსებითმა ზრდამ, შესაძლოა, შექმნას კონკურენციის დამახინჯების რისკი, რადგან ერთსა და იმავე ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ მსგავს საქმიანობას, განსხვავებულ საგადასახადო პირობებში აღმოჩნდებიან.
ამავე დროს, დღგ-ის სისტემის ფარგლებს გარეთ შეიძლება დარჩეს შედარებით მაღალი ბრუნვის მქონე სუბიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი, რამაც შესაძლოა შეამციროს ოპერაციების დოკუმენტირების სტიმული და გაზარდოს არაფორმალური ოპერაციების რისკები”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს წერილობით დასაბუთებაში.
როგორც ლაშა ხუციშვილის უწყებაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უკვე მოქმედებს სპეციალური შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი და ასევე, საკუთარი პოზიციის დასაბუთებისთვის საერთაშორისო პრაქტიკას იშველიებენ.
"კერძოდ, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, 500 000 ლარამდე წლიური ბრუნვის ფარგლებში, იბეგრებიან 1%-იანი განაკვეთით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც საგადასახადო ტვირთს, ისე ადმინისტრაციულ ხარჯებს და მცირე მეწარმეთათვის ქმნის ერთ-ერთ ყველაზე შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს. საერთაშორისო პრაქტიკაც ადასტურებს, რომ დღგ-ის სპეციალური რეჟიმები მიზნად ისახავს მცირე მეწარმეთა საგადასახადო ტვირთის შემცირებას, თუმცა არ გულისხმობს დღგ-ის სისტემიდან საშუალო მოცულობის ეკონომიკური საქმიანობის სრულად გამოთიშვას.
საგულისხმოა, რომ ევროკავშირის არაერთი ქვეყანა, მათ შორის ნიდერლანდები, ბელგია, ფინეთი, დანია და სხვა, მიუხედავად მათი ეკონომიკის მოცულობისა, იყენებს საქართველოში მოქმედ 100 000-ლარიან ზღვარზე დაბალ ან მასთან მიახლოებულ ზღვრებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტრო არ უჭერს მხარს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივას”, - ნათქვამია სამინისტროს მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში.